ოჯახზე მორგებული გარემოს საწყისები საჯარო სამსახურში

„რომელ კლასში ხარ მამა შენ?“ ფრაზიდან  მამის დეკრეტულ შვებულებამდე დიდი გზა გაიარეს საჯარო სამსახურში დასაქმებულმა მამებმა. ყველაფერი კი იწყება 2015 წელს საჯაროს ახალი კანონის (წინა ბლოგში გაგაცანით) მიღებითა და „მშობელი, რომელიც უშუალოდ უვლის ბავშვს“ ჩანაწერის გამოჩენით.

მამებს ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა საჯაროს კანონის 64-ე მუხლმა მისცა, როდესაც მე-6 პუნქტში ჩაწერა, რომ დეკრეტული შვებულებით შეუძლია ისარგებლოს ასევე იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამით მამებსაც გაეხსნათ გზა ბავშვის საწყის ეტაპზე განვითარების პროცესში მონაწილეობისა და გენდერული როლების ტრადიციული გადანაწილების მსხვრევაში წვლილის შესატანად.

საჯაროს კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივლისს შევიდა, ხოლო საჯარო სამსახურში 2 კაცი, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადადგეს ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობაში მამების როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული გენდერული ნორმების და ღირებულებების შესაცვლელად[1] 2018 წელს გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური სტატისტიკისთვის შესამჩნევი ამ პერიოდში გახდა. ეს 2 ადამიანი 2018 წელს საჯარო სამსახურში დასაქმებული კაცების 0.008%-ი იყო.

შესაბამისად, საჯარო სამსახურში[2] დასაქმებული მამების „დეკრეტული“ შვებულების ისტორიის საწყისად 2018 წელი[3] მიიჩნევა. ამის შემდეგ, დეკრეტული შვებულება უკვე მხოლოდ ქალთან აღარ ასოცირდება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება, რა თქმა უნდა, დედის ექსკლუზიურ უფლებად (ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით).

ისე, დეკრეტული შვებულება ხალხური ტერმინია და ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას ნიშნავს. მაგრამ, ამ გრძელ სათაურს, ბლოგის მიზნებისთვის, დეკრეტული შვებულებით შევამოკლებ (მამების შემთხვევაში ორსულობისა და მშობიარობის გამოკლებით, რა თქმა უნდა).

ჩვენი ისტორიის მთავარ გმირებს რომ დავუბრუნდეთ, საჯაროს კანონით მამას მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს ბავშვის მოვლის ან შვილად აყვანის გამო შვებულებით 550 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

2023 წელს მამის დეკრეტული შვებულებით უკვე 61-მა კაცმა ისარგებლა, აქედან 53  ანაზღაურებადით, ხოლო 8-მ ანაზღაურების გარეშე. (წყარო: საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის წლიური ანგარიში)

უფრო მარტივად, მამას შეუძლია ბავშვის განვითარებაში მონაწილეობისათვის ისარგებლოს 18- თვიანი შვებულებით, საიდანაც დამსაქმებელი აუნაზღაურებს 3 თვეს. სწორედ აქ დაგვჭირდება შრომის კოდექსის ტერმინი „დედის ექსკლუზიური უფლება“[4] ანუ დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და ანაზღაურების სქემები ჯერ კიდევ დედის უპირატესობას ადასტურებს. შესაბამისად, მამამ ორი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა გაითვალისწინოს, სანამ მამის დეკრეტულით (განსაკუთრებით კი ანაზღაურებადი დეკრეტულით) ისარგებლებს.

პირველი დეტალი დღეების რაოდენობას ეხება და მამისა და დედის მიერ გამოყენებული დეკრეტული შვებულების ჯამი 730 კალენდარულ დღეზე (24 თვეზე) მეტი არ უნდა იყოს.

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალი კი, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხია და მამას 90 დღიანი (3 თვიანი) ანაზღაურებადი დეკრეტულით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, თუ დედა თავისი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მხოლოდ ნაწილს გამოიყენებს. მაგალითად, თუ დედა 3 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტულით ისარგებლებს, მამა შეძლებს სრულად საკუთარი 3 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტულით სარგებლობას.

2023 წელს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით 53 მამამ ისარგებლა. ამ 53-დან მამის დეკრეტულით ხშირად გვიანი მილენიალები (80-იანების ბოლო) და  ე.წ. ზილენიალები (90-იანების ბოლო) სარგებლობენ, რომლებიც არამენეჯერულ პოზიციაზე არიან დასაქმებულები[5]. თუმცა, 14 გამბედავი მენეჯერიც გვყავს სისტემაში. (წყარო: საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის წლიური ანგარიში)

ყველაზე საინტერესო, რაც მამის დეკრეტულით სარგებლობის ისტორიას დრამატურგიასაც სძენს, მათი დასაქმების ადგილია. როგორც აღმოჩნდა, მამების უმეტესობა სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში მუშაობს, მათ შორის მენეჯერებიც კი.  (წყარო: საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის წლიური ანგარიში)

რა თქმა უნდა ეს მონაცემები შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ 2022 წელს 9 კაციდან 61-მდე ზრდა დამაიმედებელ ტენდენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ. (წყარო: საჯარო სამსახურის ბიუროს 2021-2023 წლის წლიური ანგარიში)

 

ეს სურათი კიდევ უფრო პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს მენტალური თუ კულტურული გარდატეხისთვის იმ მცირე ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს[6] „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების“ ანგარიშმა შესთავაზა. შეთავაზების ნაწილი სწორედ მამობის შვებულების წახალისებას ეხმიანება და ერთის მხრივ საკანონმდებლო დონეზე გვთავაზობს ტერმინების – მამობის შვებულებისა და მშობლობის შვებულების დანერგვას და მეორეს მხრივ,  მამობის არასავალდებულო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების შემოღებას, ექვსთვიანი ანაზღაურებადი დედობის დეკრეტული შვებულების შენარჩუნებით[7].

მამის დეკრეტულიდან მამობის შვებულებამდე ეს ნაბიჯები, დაამსხვრევს ქალებისთვის შექმნილ – „მეოჯახე ქალის“, „ახალი გათხოვილია და დეკრეტში შეიძლება გავიდეს“, „ოჯახში ფული კაცს შემოაქვს და ამიტომ ქალის სამსახური არც ისე მნიშვნელოვანია“[8] – ბარიერს შერჩევის, კარიერული ზრდისა თუ სამუშაო გარემოს ფორმირების პროცესში და კიდევ უფრო გააქტიურებს საჯარო სამსახურში დაწყებულ დისკუსიას პირადი და სამუშაო ცხოვრების ბალანსზე, მოქნილ სამუშაო გრაფიკზე და ოჯახზე მორგებულ სამუშაო გარემოზე.

 

[1] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დეკემბერი, 2023.

[2] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების აპარატებში/ადმინისტრაციებში, ასევე საზედამხედველო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემა.

[3] საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ აღნიშნული შესაძლებლობა 2020 წლიდან არსებობს.

[4] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 37(4).

[5] მამის დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მამის პორტრეტის ასე დეტალურად შექმნაში შესაძლებლობას ის სტატისტიკური მონაცმები გვაძლევს, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ყოველწლიურად ამუშავებს.

[6] ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება საჯარო სამსახურს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ორგანიზაციული კულტურის ცვლილებაში.

[7] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება, 2023.

[8] ბოჟაძე, მ., კობერიძე, ა., მენეჯერი ქალები საჯარო სამსახურში: კარიერული და პროფესიული განვითარება, კვლევის ანგარიში, საჯარო სამსახურის ბიურო, 2021.

 

ავტორის შესახებ

გვანცა ბესელია

საჯარო სამსახურის ბიურო – ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილებით.

2016 წლიდან, ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვის, ეთიკისა და კეთილსინდისიერების, მართვისა და ლიდერობის საკითხებზე.

არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

არის საჯარო მმართველობის მაგისტრი და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.