HR ბრენდინგის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან სამუშაო ბაზარი უფრო და უფრო კონკურენტული ხდება. კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ იმაზე მუშაობა, რომ საკუთარი თავი კარგ დამსაქმებლად წარმოაჩინონ, როგორც ტალანტების მოსაზიდად, ასევე შესანარჩუნებლად.[1]

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ტალანტების მოძიების, შენარჩუნების, კმაყოფილების გაზრდის, გადინების შემცირებისა და კომპანიის, როგორც ბრენდის წარმოჩენის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ყველა HR-მა კარგად ვიცით, თუ რამდენად გართულდა რეკრუტინგის პროცესი. იმისთვის, რომ ახალი ტალანტები მოვიძიოთ, გვიწევს წარმოვაჩინოთ კომპანიის, როგორც ბრენდის უპირატესობები, ბენეფიტები და ღირებულებები, რათა დავაინტერესოთ სამიზნე აუდიტორია და კომპანიას ღირებული თანამშრომელი შევმატოთ. ამას გარდა, აქტუალობას არ კარგავს გადინების საკითხი, რაც ყველა კომპანიისთვის მეტად მწვავე და პრობლემატური საკითხია.

საინტერესოა, როგორ ახერხებენ კომპანიები კარგი დამსაქმებლის სახელის შექმნას და შენარჩუნებას?

განვიხილოთ Google, როგორც კარგი დამსაქმებლის მაგალითი  და ვეცადოთ, პარალელი გავავლოთ ქართულ რეალობასთან. დარწმუნებული ვარ, არამარტო HR-ებს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს სმენია, რომ Google-ში დასაქმება კარგ პირობებთან, ბენეფიტებთან ასოცირდება. როგორ მოახერხა Google-მა კარგი დამსაქმებლის სახელის მოპოვება და კომპანიის ბრენდის შექმნა, ქვემოთ განვიხილოთ. Google-ს ხელმძღვანელებმა იციან თანამშრომლების ფასი. შესაბამისად, ცდილობენ იზრუნონ თანამშრომლების კეთილდღეობაზე და შესთავაზონ სასურველი პირობები/ბენეფიტები. საკითხი აქტუალურობას არ კარგავს საქართველოშიც.  ტალანტების მოძიებისა და შენარჩუნების გართულებამ, ბაზარზე კონკურენციის გაზრდამ – ქართველ დამსაქმებელსაც უბიძგა კონკურენტული გარემოს შექმნისკენ, ბენეფიტების გაჩენისკენ და თანამშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – Google-ს ერთ-ერთი ლოზუნგი გახლავთ: ,,Google-ს თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტია“. კარგი დაზღვევა, ოფისის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტ-დარბაზები განაპირობებს როგორც დასაქმებულების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის გაზრდას, აგრეთვე, თანამშრომელს ხდის მეტად პროდუქტიულს, ზრდის შრომისუნარიანობას, ენერგიას და ხალისს, რაც სამუშაოს შესრულების ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება.[2]

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ქართველი დამსაქმებლებისგან კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტ-დარბაზის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევა თითქმის ყველა კომპანიას აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა თანამშრომელმა ბენეფიტად აღიქვას და კმაყოფილი იყოს, დამსაქმებელს შეგვიძლია სრული პაკეტის დაფინანსებისკენ მოვუწოდოთ და თანამშრომელს არ უწევდეს კონკრეტული პაკეტის თანადაფინანსება. გასათვალისწინებელია, რომ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულები არიან ფიზიკური აქტივობით – გამოირჩევიან ,,კარგი ჯანმრთელობით“, ნაკლებად აქვთ სტრესი, ნაკლებად ფიქსირდება ე,წ. Burnout/გადაწვა, არიან მეტად პროდუქტიულები და ჩართულები, რაც ზრდის სამუშაოს შესრულების ხარისხს.[3]

გასათვალისწინებელია, რომ ჩართული თანამშრომელი არის  მეტად პროდუქტიული, ნაკლებად აცდენს სამსახურს, არის მონდომებული, ცდილობს მაქსიმალური შედეგის დადებას, რაც დადებითად აისახება კომპანიის წარმატებასა და სასურველი შედეგების მიღწევაზე. საგულისხმოა, რომ ისევე როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, საქართველოში არსებული კომპანიების უმრავლესობა დასაქმებულებს სთავაზობს ფიტ-პასს, რომელიც საკმაოდ ბევრ სპორტ-დარბაზსს და სხვა აქტივობებს აერთიანებს, რაც ასევე მისასალმებელია. რეკომენდირებულია ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ფიტ-პასის სრული დაფინანსება იყოს დამსაქმების მხრიდან. ფინანსური კეთილდღეობა – ,,თანამშრომლების ფინანსური სტაბილურობა“, Google-ს ერთ-ერთი ლოზუნგია. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების ფინანსურ კეთილდღეობაზე, რაც მაღალი ანაზღაურებით და სასურველი ბენეფიტებით გამოიხატება. ასევე, უზრუნველყოფს საპენსიო გეგმის გადახდას, ანაზღაურებს სტუდენტურ სესხებს და აფინანსებს ფინანსური ქოუჩინგის პროგრამებს. აღსანიშნავია მშობლისთვის, როგორც Google-ს თანამშრმლისთვის ხელშეწყობის მაგალითები – ოფისის ტერიტორიაზე განთავსებული საბავშვო ბაღი, დეკრეტული შვებულებების ანაზღაურება (რაც გარკვეული ოდენობით საქართველოშიც ფინანსდება, ზოგიერთი კომპანიის მხრიდან) ოჯახის წევრებზე გავრცელებული დაზღვევა (აგრეთვე, ქართულ კომპანიებშიც ვხვდებით) და სხვა ბენეფიტები, რაც ზრდის თანამშრომლის კმაყოფილების დონეს. თანამშრომლისთვის სასურველი პირობების შექმნა – კარგი ანაზღაურება, სასურველი ბენეფიტები, მორგებული/ადაპტირებული სამუშაო გარემო, დაფასება და კომპანიის მხრიდან დასაქმებულისთვის იმის ჩვენება, რომ კომპანიისთვის თითოეული თანამშრომელი ღირებულია, ზრდის როგორც ლოიალურობას, ასევე მოტივაციას, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც აისახება და ბრენდის იმიჯზეც. ზემოთხსენებულს ადასტურებს Gallup-ის მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა[4], რომლის თანახმადაც ჩართული თანამშრომელი უფრო პროდუქტიულია, ნაკლებად ფიქსირდება გაცდენის მაჩვენებელი, ხელს უწყობენ კომპანიის ზრდას, ნაკლებია მათი გადინების მაჩვენებლი და გრძელვადიანად უყურებენ კომპანიაში დარჩენის პერსპექტივას.

გამოყენებული წყაროები:

[1] https://boulosolutions.com/what-is-employer-branding-in-recruitment-how-does-it-help-in-hiring/

[2] https://www.thehumancapitalhub.com/articles/google-employees-benefits-and-perks

[3] https://www.transamericainstitute.org/docs/library/initiatives/workplace-wellness-2018/wwucbtechnical_final.pdf?sfvrsn=b5bd5e9b_6

[4] https://www.gallup.com/workplace/285674/improve-employee-engagement-workplace.aspx

 

ავტორის შესახებ

 

 

ნელიკო კოტორაშვილი

HR სააგენტო “HIRO-ს” HR ჯენერალისტია

დაახლოებით ერთი წელია, ნელიკო  სხვადასახვა ტიპის კომპანიებს ეხმარება HR პროცესების დანერგვა/განხორციელებაში.