კომპანიის უმაღლესი რგოლის ლიდერები აცნობიერებენ თანამშრომლის მაღალი ჩართულობის დონის მნიშვნელოვნებას და ზრუნავენ ჩართულობის გაზრდაზე, რადგან ჩართულ თანამშორმელს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის წარმატებაში, ერთგულნი არიან კომპანიის მიმართ და მზად არიან იმაზე მეტი ძალისხმევა ჩადონ საქმეში ვიდრე მათ ევალებათ.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების მაღალი ჩართულობა კომპანიების ლიდერებისთვის პოზიტიურ მახასიათებლად მიიჩნევა და გარკვეულ ქმედებებსაც ახორციელებენ ამ მაჩვენებლის ზრდისთვის, Gallup-ის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს თანამშრომელთა მხოლოდ 23%-ია ჩართული და აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ჩართულობის 39%-იან მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაკლებულია. 2024 წელის მონაცემებით, მაღალი ჩართულობის მქონე თანამშრომლებით კომპანიამ დაბალი ჩართულობის მქონე თანამშრომლიან კომპანიებთან შედარებით 24%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა. Glassdoor-ის კვლევის თანახმად, ჩართულობის გავლენა აქვს კომპანიის მომგებიანობის ზრდასა და ბიზნესის შედეგებზე. იმ ორგანიზაციებში, სადაც მაღალი ჩართულობის მქონე თანამშრომლები არიან, სამსახურის გაცდენების მაჩვენებელი 78%- ით დაბალია და კომპანიის მომგებიანობის დონე 23% უფრო მაღალია.
ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა უმაღლესი რგოლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ საკითხავია რამდენად სწორად გეგმავენ და ახორციელებენ ამ ყველაფერს ორგანიზაციები?! ვინ არის თანამშრომლის ჩართულობაზე და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი? რეალურად ვინ ქმნის გუნდში ამინდს? ალბათ, ამ კითხვაზე თქვენს გონებაში პირველი რიგში HR გაგახსენდათ, მართალია HR-ს მნიშვნელოვანი მისია აკისრია კომპანიის მთლიან სტრატეგიაში და გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს და ქმნის პოლისებს თანამშრომლების კეთილდღეობისთვის, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მენეჯერული რგოლის ჩართულობის გარეშე გუნდის ჩართულობის გაზრდისთვის მხოლოდ HR ვერაფერს შეძლებს.
უშუალო მენეჯერის გავლენა თანამშრომელთა ეფექტურ მუშაობაზე
ყველას გვსმენია ფრაზა, რომ ადამიანები ტოვებენ მენეჯერებს და არა – კომპანიას, სწორედაც რომ მენეჯერს პირდაპირი გავლენა აქვს მის დაქვემდებარებულებზე, თანამშრომელთა შენარჩუნებასა და ჩართულობის მაჩვენებელზე:
- მენეჯერს ეკისრება პასუხისმგებლობა გუნდის სწორი მართვის მეშვეობით კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე;
- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში;
- მენეჯერი არის უმაღლესი მენეჯმენტის სტრატეგიების დამაკავშირებელი ხიდი თანამშრომლებთან.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციის სწორად წარმართვა კომპანიისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მენეჯერის პოზიტიური მართვის სტილი, თანამშრომელთა მხარდაჭერა და მათთან ჯანსაღი/გამართული კომუნიკაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გუნდის ჩართულობის და ეფექტიანობის ზრდაზე. სწორედ მენეჯერია ის, ვინც ყოველდღიურობაში ხედავს თანამშრომლების რეალურ განწყობებს, მოტივაციის დონეს და ის იმდენად კარგად იცნობს მის გუნდს, რომ მათთან ინდივიდუალური მიდგომით ზუსტად იცის, როგორ გაზარდოს მათი პროდუქტიულობა და უკეთესი გახადოს სამუშაო გარემო.
Gallup-ის კვლევის მონაცემებით თანამშრომელთა ჩართულობის დონე 70%-ში დაკავშირებულია უშუალო მენეჯერის ქცევებსა და მის დაქვემდებარებულებთან ურთიერობაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით თანამშრომელთა ჩართულობაზე ზრუნვა მენეჯერზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ.
ყურადღება მიაქციეთ მენეჯერის კმაყოფილებისა და ჩართულობის დონეს
თუ დაფიქრებულხართ, თქვენს კომპანიაში რა დროს უთმობთ მენეჯერის კეთილდღეობაზე ზრუნვას? იქნებ გვავიწყდება, რომ მენეჯერიც ,,უბრალო ადამიანია’’, ვისაც ისევე უხარია აღიარება, ისევე წყინს, ისევე ეუფლება იმედგაცრუება და სურს იყოს სამსახურში ბედნიერი, როგორც ჩვენ ყველას. თუმცა ჩვენ, ხშირად მათზე ზრუნვის ნაცვლად, მხოლოდ დიდ მისიას და პასუხისმგებლობას ვაკისრებთ – გახადონ გუნდი მოტივირებული, ბედნიერი, ჩართული, მისი გუნდის დახმარებით კომპანიამ მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს და უბრალოდ გვავიწყდება მასაც ვკითხოთ, თავად როგორ გრძნობს თავს და რა სჭირდება სამსახურეობრივი ბედნიერებისთვის.
მენეჯერის მოტივაციის დონეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზაციულ სიჯანსაღესა და კორპორატიული სულისკვეთებაზე, დაბალი მოტივაციის მქონე ან გადამწვარი მენეჯერები სტრესის მაღალი დონის გამო ნაკლებ პროდუქტიული არიან, რასაც შემდგომ გავლენა აქვს გუნდის ეფექტიანობასა და განწყობებზე, მენეჯერიც ჩვენი გუნდის წევრია და მასთანაც ინდივიდუალური მიდგომები და სპეციალური სამოტივაციო პაკეტებია საჭირო.
კლარკის უნივერსიტეტისა და კრეატიული ლიდერობის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მენეჯერების თითქმის მეოთხედი დემოტივირებულია, ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი სამუშაოთი და ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ დატოვებენ თავიანთ ორგანიზაციას. კომპანიებში სამოტივაციო სქემების შემუშავებისას, ხშირად გვავიწყდება, რომ ის, რაც სხვებს ახარებს, მენეჯერისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს მამოტივირებელი, ან რაც ერთ მენეჯერს ამოტივირებს, შესაძლოა სხვისთვის არ იყოს კმაყოფილების საფუძველი. ყოველთვის საჭიროა მოტივატორების სწორად განსაზღვრა.
გამოვყოთ მოტივაციის ორი სახე და განვიხილოთ მისი მახასიათებლები:
- გარეგანი მოტივაცია: მენეჯერები, ვისთვისაც გარეგანი მოტივაცია მნიშვნელოვანია, თავდაუზოგავად მუშაობენ აღირებისთვის, ფინანსური ჯილდოსა და დაწინაურებისთვის. შესაბამისად, მათ მოტივაციას კარგი საკომპენსაციო პაკეტები, აღიარება, ჯილდო და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა წარმოადგენს. გარეგან მოტივატორებზე დადებით გავლენას ახდენს შედეგზე დაფუძნებული სამართლიანი და ობიექტური წამახალისებელი სისტემა, რომელიც ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ რეალურად მისაღწევი იყოს და დაუმსახურებლად არავინ მიიღოს ჯილდო. რა თქმა უნდა, ფულადი კომპენსაციის ოდენობა ან სხვა ჯილდო მეტად ღირებული და შესაბამისობაში უნდა იყოს მიღწეულ შედეგთან, რომ კმაყოფილება და მოტივაციის რეალური ზრდა გამოიწვიოს.
- შინაგანი მოტივაცია: შინაგანად მოტივირებული მენეჯერები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ ღირებულებებს, მიზნებსა და ინტერესებს. ისინი მოქმედებენ ,,იყავი ის, ვინც ხარ’’ საკუთარი შინაგანი ღირებულებების პრინციპით, ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი ინდივიდუალური მოტივატორების კვლევა და მათზე მორგებული მრავლფეროვანი სამოტივაციო სქემების შექმნა. შინაგანი მოტივაცია მენეჯერს წამატების მიღწევის საფუძველს აძლევს, მისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, თუ რა მიმართულებით მიდის მისი საქმიანობა და ჰქონდეს ტოპ მენეჯმენტის მხარდაჭერა. შინაგანი მოტივაციის მქონე მენეჯერები ქმნიან შრომითი კმაყოფილებისთვის საუკეთესო გარემოს, ახდენენ გადინების შემცირებას და ხელს უწყობენ ორგანიზაციას დასახული მიზნების მიღწევაში. შინაგანი მოტივაციის მქონე მენეჯერებისთვის აუცილებელია იცოდნენ, მათი საქმიანობა როგორ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს, სურთ ჰქონდეთ ავტონომია მათი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაში, პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის მათთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი რგოლის მენეჯერისგან უკუკავშირი. ისინი მზად არიან აქტიურად ჩაერთონ კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დასახვის პროცესში.
გაითვალისწინეთ, რომ შინაგანი და გარეგანი მოტივატორები ერთდროულად თანაარსებობენ ადამიანებში, უბრალოდ რომელიმე შესაძლოა უფრო მეტად დომინირებდეს. ყველას სურს კარგი ხელფასი, ბონუსი, აღიარება, ჯილდო და საკუთარი სამუშაოთი კმაყოფილების განცდა. მენეჯერის სამიტოვაციო სქემა იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ ორივე ტიპის მოტივატორისთვის შესაბამისი და უნივერსალური იყოს.
მენეჯერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ HR-ის სრული მხარდაჭერა, კონსულტირება გუნდის მართვის საკითხებში და გუნდის მართვასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით შეიარაღება.
გიზიარებთ რამოდენიმე რჩევას:
- დარწმუნდით, რომ მენეჯერებს აქვთ საჭირო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად მართონ გუნდი. სოლიდური ინვესტირება განახორციელეთ მენეჯმენტის ტრენინგებში;
- გაიცანით მენეჯერი პიროვნულად – არაფორმალურ გარემოში, თუნდაც ყავაზე დასალევად ერთად გადით, გამოკითხეთ მისი ინტერესები, გაიგეთ მეტი სამსახურს გარეთ მისი პირადი ცხოვრების შესახებ და ახლოს გაიცანით, აგრძნობინეთ თავი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად. მასაც ჭირდება ,,ორთქლის გამოშვება’’ და ვინმესთან მეგობრულად დალაპარაკება;
- ყველას, მათ შორის მენეჯერსაც, სურს იგრძნოს დაფასება და აღიარება, უმაღლესი რგოლის მენეჯერს წარუდგინეთ და წაახალისეთ მისი ინდივიდუალური და გუნდის მიღწევები;
- ჰკითხეთ თქვენს მენეჯერებს მათი გრძელვადიანი პიროვნული და კარიერული მიზნების შესახებ – დაეხმარეთ მათ ამ მიზნების მიღწევაში, ხოლო კომპანიას მენეჯერის შენარჩუნებაში;
- ხშირად ეკონტაქტეთ პირისპირ ან სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით და დარწუნდით, რომ მასაც და მის გუნდსაც ყველაფერი რიგზე აქვს;
- იზრუნეთ მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე და შეამცირეთ მენეჯერის გადაწვის რისკი.
მოტივირებული მენეჯერი თავის პოზიტიურ განწყობას გუნდში გაავრცელებს და გაზრდის კმაყოფილი, ჩართული თანამშორმლების რაოდენობას. დღევანდელ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში კომპენსაციების და ბენეფიტების გარდა, ჯანსაღი სამუშაო გარემოა მნიშვნელოვანი, რომლის შექმნაშიც ყოველკვირეულ, მინიმუმ 40 საათიან სამუშაო კვირაში, ყველაზე დიდი წვლილი გუნდში მენეჯერებს შეაქვთ. რა თქმა უნდა, ამისთვის მხოლოდ მენეჯერის მოტივაციის მაღალი დონე არ არის საკმარისი და კომპანიაში თანამშორმლებისთვის კონკურენტული სახელფასო სისტეტმა, ზრდის და განვითარების შესაძლებლობა და სხავდასხვა არამატერიალური ბენეფიტები უნდა არსებობდეს.
საინტერესოა თქვენ რას დაამატებდით? შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და გამოცდილება.
გამოყენებული წყაროები:
1. Motivating Managers – www.mindtools.com
2. 7 Ways to Motivate Your Managers – www.linkedin.com
3. The impact of managers on workplace engagement and productivity – www.interactsoftware.com
4. Forbes – www.forbes.com
5. Engaged Followership: The Foundation of Successful Leaders – www.gallup.com
6. Why employee engagement is key to company success – www.firstup.io
7. Who’s Responsible for Employee Engagement – www.gallup.com
8. A Manager’s Role in Employee Engagement: Expectations versus Reality – www.leena.ai
9. How can managers influence employee engagement? – www.zensai.com
ავტორის შესახებ
ნინო გოგავა
გამოცდილება