მას შემდეგ, რაც 2020 წელს მსოფლიო Covid პანდემიის წინაშე აღმოჩნდა, ბიზნესს ყველა ინდუსტრიაში მოუწია ებრძოლა თანამშრომლების ჩართულობის და შენარჩუნებისათვის.
ჯერ კიდევ, 2021 წლის Deloitte-ის გლობალური ადამიანური კაპიტალის ტენდენციების ანგარიშში, მკაფიოდ იყო გამოკვეთილი თანამშრომელთა კეთილდღეობის საკითხი, როგორც თანამშრომელთა შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. HR- ებისთვის, მთავარი გამოწვევა გახდა, თანამშრომლების ჩართულობის შენარჩუნება დისტანციური თუ ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმში, თანამშრომელთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ( well-being , work/life balance ).
თანამშრომელთა მიკუთვნებულობის (ჩართულობის, კმაყოფილების) კვლევა, შედეგების გაანალიზება და სტრატეგიული ნაბიჯების განსაზღვრა, ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ აქტუალური და გამოყენებადი (აპრობირებული) მეთოდია და კომპანიებიც, სულ უფრო მეტად იჩენენ ინტერესს თანამშრომელთა ჩართულობის საკითხის მიმართ და აქტიურად მიმართავდნენ კვლევებს თანამშრომელთა საჭიროებების, ჩართულობის, კმაყოფილების, შესრულების მართვის ხარისხის დასადგენად. ახალმა რეალობამ და გამოწვევებმა, მკაფიოდ დაანახა კომპანიებს ცვლილების საჭიროება.
ტერმინი კეთილდღეობა არ ნიშნავს მხოლოდ თანამშრომლის ფიზიკურ კეთილდღეობას (ჯანმრთელობას). კეთილდღეობა შინაარსობრივად მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის: ფიზიკური კეთილდღეობა, ემოციური (მენტალური) კეთილდღეობა, ფინანსური კეთილდღეობა, სოციალური კეთილდღეობა, კარიერული კეთილდღეობა, კოლექტიური/გუნდური კეთილდღეობა და ასე შემდეგ. აღნიშნულ ფაქტორებს, მკვეთრად განსაზღვრავს თანამშრომელთა ჩართულობა და ჯანსაღი კლიმატი ორგანიზაციაში. შესაბამისად, მინდა გესაუბროთ თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ორგანიზაციებში.
რა არის რეალურად თანამშრომლების ჩართულობა? – ჩართულობა, ასახავს თანამშრომლების დამოკიდებულებას და ემოციებს თავიანთი ორგანიზაციის მიმართ. რამდენად მოტივირებულები არიან ისინი და დებენ თუ არა სამუშაო პროცესში იმაზე მეტ ძალისხმევას, ვიდრე ამას მათი გაწერილი პროცედურა მოითხოვს. ჩართულობა, ნიშნავს სურვილს, განვითარდე კომპანიასთან ერთად, იყო მონაწილე ცვლილებების, იყო ბედნიერი შენი და შენი გუნდის მიღწევებით და ასე შემდეგ.
როცა თანამშრომელთა ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია ორგანიზაციებში, ხშირია აბსენტიზმი, მოტივაციის დაკარგვა, ნაკლებია შესრულების მართვა და გაზრდილია გადინების მაჩვენებელი.
ლიდერებს, თანამშრომლებთან ურთიერთობის პროცესში აქვთ გარკვეული ინფორმაცია და წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თანამშრომელი თავს სამუშაო გარემოში. მაგრამ ეს ვარაუდები, არ არის საკმარისი თანამშრომლების ჩართულობის გასაზომად და შემდგომი ეტაპების დასაგეგმად.
თანამშრომელთა ჩართულობის კვლევა, არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ ორგანიზაციები თანამშრომელთა ჩართულობის დონის გასაზომად. კვლევა, იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ორგანიზაციულ ჯანსაღ კლიმატზე და ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ლიდერშიფის ეფექტურობა, გუნდური ეფექტურობა, ორგანიზაციის ღირებულებების თანხვედრა პიროვნულ ღირებულებებთან, კომპანიის მიზნების და მისის ხედვა თანამშრომლებში და ზრდის და განვითარების შესაძლებლობის არსებობა.
- ლიდერშიფის ეფექტურობა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მეტწილად განსაზღვრავს თანამშრომელთა ჩართულობას. რა ლიდერობის სტილია ორგანიზაციაში, როგორი ურთიერთობებია და არის თუ არა „გეპი“, მაღალი რგოლის მენეჯმენტსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის. როგორი კომუნიკაციის სტილი აქვთ, ხდება თუ არა დროული უკუკავშირი და სხვა. ეფექტური ლიდერშიფის დროს, ნაკლებია შეცდომის დაშვების შიში ორგანიზაციაში, რადგან წახალისებულია შეცდომების აღიარება, გუნდურობა, მხარდაჭერის აღმოჩენა, ინოვაციურობა, ერთიანობა, ჩართულობა, განვითარება და გრძელვადიანი მდგრადი ურთიერთობები პარტნიორებთან.
- გუნდური ეფექტურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის წარმატებაში. გუნდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საერთო მიზანი. გუნდში როლები უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული, შეთანხმებული და კომუნიცირებული. თითოეული გუნდის წევრი, დიდ გავლენას ახდენს გუნდის ერთიან ეფექტურ მუშაობაზე. შესაბამისად, გუნდების ეფექტურობა და ჩართულობა, მნიშვნელოვნად აისახება ორგანიზაციის საერთო ეფექტურობაზე.
- ბიზნესში, მნიშვნელოვანია მიზანი, მისია, ღირებულებები და ხედვა. მაგრამ, მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აღიქმება ეს თანამშრომლების მხრიდან და გრძნობენ თუ არა მასთან კავშირს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ აღქმა და შეგრძნება, თუ რა ღირებულების მატარებელია კომპანია, სადაც არიან დასაქმებულები ან აპირებენ დასაქმებას.
- თანამშრომელთა ჩართულობის მაჩვენებელს ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდის შესაძლებლობა ორგანიზაციაში. თანამშრომელთა ტრენინგი და განვითარება, არ არის მხოლოდ თანამშრომლების სწავლება იმისთვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი სამუშაოს უკეთ შესრულება და აიმაღლონ კომპეტენცია, არამედ ეს არის ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლების დაფასება და განვითარებაში ხელშეწყობა. როცა კომპანიები არ ახორციელებენ ინვესტიციებს სწავლებისა და განვითარების პროგრამებში და არ ქმნიან ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს (ანაზღაურების მიღმა), თანამშრომლები იწყებენ სამუშაოს ძებნას სხვაგან. სწავლისა და განვითარების აქტივობებში ინვესტიცია, არა მხოლოდ ეხმარება ინდივიდებს ერთმანეთის განვითარებაში და შენარჩუნებაში, არამედ აუმჯობესებს ორგანიზაციის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას, რაც იწვევს უფრო მაღალ მოგებას და უკეთეს რეპუტაციას. მაგალითად, Culture Amp-ის მონაცემები აჩვენებს, რომ კომპანიებს, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან L&D-ზე, 14,6%-ით უფრო მეტად ჩართული თანამშრომელი ჰყავთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩართულობის კვლევა ორგანიზაციებში?
- კვლევის შედეგად ვიღებთ ანალიტიკაზე დაფუძნებულ რეალურ და ზუსტ მონაცემებს. კვლევა უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და თანმიმდევრულ გზას თანამშრომლების ჩართულობის შესაფასებლად. კვლევის ინსტრუმენტი გვეხმარება რაოდენობრივად განვსაზღვროთ ის, რაც ხშირად არამატერიალურია და შესაძლოა გამოგვრჩეს თვალთახედვის არეალიდან. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, HR პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ ორგანიზაციაში ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების ზუსტი იდენტიფიცირება და მომავალი საჭიროებების სწორი განსაზღვრა.
- თანამშრომელთა შეხედულებების აღმოჩენა. კვლევა თანამშრომლებს აძლევს საშუალებას, გამოხატონ საკუთარი აზრი სამუშაო პროცესის სხვადასხვა ასპექტებზე. ეს შეხედულებები ფასდაუდებელია თანამშრომელთა მოტივაციის, კმაყოფილების და პროდუქტიულობის მამოძრავებელი ძალის გასაგებად.
- კვლევის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, ღირებული რესურსია როგორც გარე, ასევე შიდა ბიზნეს გადაწყვეტილებების მართვისთვის. კვლევის შედეგად მიღებულ უკუკავშირს უნდა მოჰყვეს ქმედება. ორგანიზაციებს შეუძლიათ მიღებული მონაცემები გამოიყენონ თანამშრომლების ჩართულობის გასაძლიერებლად და მიზნობრივი სტრატეგიის შესაქმნელად. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში შეიძლება დაიგეგმოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარება და გაძლიერება.
საინტერესოა ასევე, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლია ორგანიზაციას ჩართულობის კვლევაზე დაყრდნობით:
- ჩვენ გავიგებთ რას გრძნობენ და ფიქრობენ თანამშრომლები, კომპანიის და მათი საქმიანობის შესახებ.
ჩართულობის კვლევა, იძლევა ზუსტ მონაცემებს და კონკრეტულ საზომს, თანამშრომლების დამოკიდებულებების შესახებ. კვლევის შედეგად იღებთ მონაცემებს არა მხოლოდ თქვენი კომპანიის ჩართულობის საერთო მაჩვენებელზე, არამედ თანამშრომლების კონკრეტულ შეხედულებებზე იმის შესახებ, თუ რა იწვევს და რა ფაქტორები განსაზღვრავს მათ ჩართულობას.
- კვლევის შედეგად თქვენ შეძლებთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, კომპანიაში არსებული მიმართულებებისთვის.
ჩართულობის კვლევის შედეგად, განისაზღვრება კონკრეტული ასპექტები, სადაც კვლევის მონაცემებით დაბალი მაჩვენებელია. ამგვარად, თქვენ უკეთ შეძლებთ გადადგათ ეფექტური ნაბიჯები და ორგანიზაციაში გასაუმჯობესებელ ასპექტებზე მოახდინოთ მეტი კონცენტრირება.
- ეს არის შესაძლებლობა, თანამშრომლებს აჩვენო რომ მათზე ზრუნავ და უსმენ.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევას მოჰყვეს შემდგომი ქმედებები. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია აფასებს თანამშრომლების მონაწილეობას კვლევაში. როდესაც ორგანიზაცია მიღებული მონაცემების შემდგომ იწყებს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, თანამშრომლები ხედავენ, რომ მათ სურვილებს ორგანიზაციაში უსმენენ და ითვალისწინებენ. ეს უბიძგებს თანამშრომლებს, მიიღონ მონაწილეობა მომავალ გამოკითხვებშიც და შეიტანონ წვლილი უკეთესი ორგანიზაციის და კულტურის ფორმირებაში.
- ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება. ჩართულობის კვლევა, იძლევა საშუალებას, ნახოთ როგორ აღიქვამენ ადამიანები ორგანიზაციულ კულტურას, კომპანიის მიზნებს და ღირებულებებს.
- დაინახავთ კომპანიის პოზიციონირებას, ინდუსტრიულ თუ გლობალურ ბაზარზე.
- თქვენ შეძლებთ კვლევის შედეგები გამოიყენოთ ბიზნესის შედეგების გასაუმჯობესებლად. თანამშრომელთა ჩართულობა ძლიერ გავლენას ახდენს თქვენი კომპანიის შედეგებზე. თანამშრომლების ჩართულობის გამოკითხვის შედეგები, იძლევა ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად კომპანიის წინსვლისთვის.
Gallup-ის მრავალწლიანმა კვლევამ, დააკავშირა თანამშრომლების ჩართულობა შესრულების შედეგებთან, მათ შორის მომხმარებელთა ლოიალობასთან, მომგებიანობასთან, პროდუქტიულობასთან და თანამშრომლების კეთილდღეობასთან. მაგალითად, 2021 წლის მოხსენებამ აჩვენა, რომ მაღალი ჩართულობის გუნდები 14-18%-ით უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე დაბალი ჩართულობის მქონე გუნდები.
მაშინაც კი, თუ თქვენი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ თქვენი ჩართულობის მონაცემები არ არის ისეთი, როგორიც გსურთ რომ იყოს, ეს უკვე ღირებული ინფორმაციაა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დასკვნები იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოთ და იმუშაოთ ჩართულობის გაუმჯობესების სტრატეგიებზე. თანამშრომელთა მოლოდინების, მოსაზრებების, განწყობების, ემოციების, მდგომარეობის, დამოკიდებულებების, თანამშრომელთა ჩართულობის გაანალიზებით, მიიღებთ საკმარის და მკაფიო ინფორმაციას, კომპანიის სამომავლო სწორი სტრატეგიის დასაგეგმად.
HR ანალიტიკას და კვლევებს, საქართველოში აქტიურად მიმართავენ კომპანიები. კომპანიებისთვის, ვისთვისაც ზრდა, წინსვლა და განვითარებაა მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, მოვიყვან ქართულ ბაზარზე IT სერვისის მიმწოდებელ კომპანია SOLVIT-ს. კომპანიისთვის, ჩართული და ლოიალური თანამშრომელი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსია. პროცესების ფართოდ დანახვისთვის და მონაცემებზე დაყრდნობილი შემდგომი სწორი სტრატეგიული ნაბიჯების განსაზღვრისთვის, კომპანია SOLVIT-მა, Leadership Scanner-ის მომსახურებით ისარგებლა, რომელიც საქართველოს მასშტაბით (და არამხოლოდ) კომპანიებში ჩართულობის კვლევის სრულ ციკლს ახორციელებს.
კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და კომპანიის როგორც ძლიერი, ასევე გასაუმჯობესებელი მხარეების გამოკვეთა შემდგომი სწორი სტრატეგიის დაგეგმვისთვის. კვლევის შედეგად, მენეჯმენტის გარკვეული ვარაუდები დადასტურდა, თუმცა იყო მრავალი აღმოჩენა, რა მიმართულებითაც კომპანიას უკვე აქვს განსაზღვრული სწორი სამოქმედო გეგმა და დაწყებული აქვს ეტაპობრივი ცვლილებების განხორციელება. მსგავსი ცვლილებები, მზარდ და განვითარებად კომპანიებს ეხმარება უკეთ დაგეგმოს სამუშაო დიზაინი და პროცესები იმისთვის, რომ შემდგომ მიიღოს თანამშრომელთა მეტი ჩართულობა და უკეთესი ორგანიზაციული შედეგები.
დასკვნისთვის, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანია მიმართავდეს თანამშრომლის ჩართულობის, კმაყოფილების თუ კეთილდღეობის კვლევის სისტემატური სახით პრაქტიკაში დანერგვას. ეს არის შესაძლებლობა, მიიღო რეალურ მონაცემზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები და დაისახო შედეგების გაუმჯობესების მიზნობრივი გზები.
გამოყენებული წყაროები:
2021 Global Human Capital Trends: Special report
2024 Global Human Capital Trends
Deloitte 2023 Global Human Capital Trends
What is an employee engagement survey?
The 6 biggest benefits of employee engagement surveys
Why Is Employee Engagement Important?
One Business, One Mission: How to Align Employees with Company Goals
Employee Engagement Begins with your Company’s Core Values
Employee Training and Development: The Benefits of Upskilling or Reskilling Your Team
Why learning and development is extremely important in every organization
ავტორის შესახებ
თამარ ჯგუშია
HR Management Solution – თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი.
HR ში 10 წლიანი გამოცდილებით, ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს,
HR სტრატეგიის, პოლიტიკისა და სისტემების ჩამოყალიბება/გამართვაში.