თანამშრომლების ჩართულობა და ორგანიზაციული კლიმატი
ორგანიზაციული კლიმატისა და თანამშრომლების ჩართულობის შესწავლისთვის შევქმენით უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ განსხვავებები სტრუქტურული ერთეულების დონეზე, შეაფასოთ განვითარების დინამიკა დროში და შეადაროთ საკუთარი შედეგები გლობალურ ინდიკატორებს. მეთოდოლოგია მოიცავს 26 საკითხის შესწავლას, რომელიც ერთიანდება 7 ბლოკში.
თანამშრომელთა ლოიალობისა და ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებლებთან ერთად, ორგანიზაციული კლიმატი ფასდება 4 ძირითადი ინდექსის მეშვეობით:
ORG Heath Index (OHI) – ორგანიზაციული კლიმატის სიჯანსაღის ინდექსი
Employee Engagement Index (EEI) – თანამშრომელთა ჩართულობის ინდექსი
Employee Net Promoter Score (eNPS) – თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსი
Employee Satisfaction Index (ESI) – თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი
დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის დახმარებით თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენად თანხვედრაშია თანამშრომლების ღირებულებები ორგანიზაციულ კულტურასთან, რამდენად იზიარებენ თანამშრომლები კომპანიის ხედვებს, სჯერათ ლიდერშიფის და ხედავენ ორგანიზაციაში ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. ზრდის ფუნდამენტური ბარიერების ანალიზი დაგანახებთ რა ფაქტორები უშლის ხელს თანამშრომლებს ჩართულობის უფრო მაღალი დონის მიღწევაში.
1. ადამიანების ფუნდამენტური საჭიროებები
თანამშრომლის მოტივაციის შენარჩუნებისთვის და პოტენციალის სრულად გამოსავლენად, მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს ფუნდამენტური პერსონალური საჭიროებები. თუ დასაქმებული მძიმე სამუშაო პირობებშია, ეშინია სამსახურის დაკარგვის, არ აკმაყოფილებს ანაზღაურება ან არ მოსწონს სამუშაოს შინაარსი, ის ნაკლებად ორიენტირებულია სამუშაოზე, კოლეგებთან კარგ ურთიერთობაზე და კრეატიული იდეების გენერირებაზე. საბაზისო მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის დროს, დაბალია თანამშრომლის ჩართულობა, პროდუქტიულობა და ეფექტურობა.
2. ორგანიზაციული სტრუქტურა და ხელმისაწვდომი რესურსები
საბაზისო პერსონალური საჭიროებების დაკმაყოფილების პარალელურად, ხარისხიანი და პროდუქტიული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს გამართული ორგანიზაციული მოწყობა, მკაფიოდ გაწერილი პროცესები / პროცედურები და მიზნების მისაღწევად საკმარისი კვალიფიციური ადამიანური რესურსი. გარდა ამისა, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით, რაც სამუშაოს უკეთ შესრულებაში დაეხმარებათ. საბაზისო პირობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზაციულ ეფექტიანობას.
3. ლიდერშიფის ეფექტურობა
ლიდერშიფის ეფექტურობა დაფუძნებულია დასაქმებულსა და უშუალო უფროსს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. უშუალო უფროსის მხრიდან დასაქმებულისთვის ავტონომიურობის გარკვეული ხარისხის მინიჭება, კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა, საქმიანობების სამართლიანი გადანაწილება და მის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა, ხელს უწყობს ღია და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ზრდის თანამშრომლის პასუხისმგებლობის დონეს, მუშაობის ხარისხს, მის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას.
4. გუნდური ეფექტურობა
გუნდებში ჯანსაღი ატმოსფერო აძლიერებს ერთიან სულისკვეთებას, რაც საერთო მიზნების მიღწევის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჯანსაღი სოციალური ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანია გუნდებს შორის მუშაობა იყოს შეთანხმებული და კოორდინირებული. პასუხისგმებლობების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა ხელს უწყობს სანდო და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც პოზიტიურად მოქმედებს თანამშრომელთა ჩართულობაზე და ეფექტიანობის ზრდაზე.
5. სტრატეგიული თანხმობა
ორგანიზაციის მისიისა და მიზნების გააზრება დასაქმებულებს ნათლად დაანახებს თუ რას ემსახურება კომპანია და როგორც შეაქვს თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი საერთო წარმატებაში. ცხადი და შეთანხმებული მიზნები ზრდის ლიდერშიფის მიმართ ნდობას, რაც ხელს უწყობს გუნდური სულისკვეთების ამაღლებას. სტრატეგიული თანხმობის პირობებში თანამშრომლების პროდუქტიულობა და ჩართულობის დონე იმატებს, რაც პოზიტიურად აისახება შედეგებზე.
6. კულტურული მიკუთვნებულობა
შეთანხმებული და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული „თამაშის წესები“ აერთიანებს თანამშრომლებს დასახული მიზნების გარშემო და ზრდის კომპანიისადმი ერთგულების დონეს. ორგანიზაციაში, სადაც პატივს სცემენ თანაშრომლების აზრს, აღიარებულია მათი საქმიანობა და ჯანსაღი დამოკიდებულება არსებობს დაშვებული შეცდომების მიმართ, იზრდება დასაქმებულების თვითშეფასება და თავდაჯერებულობა, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება მათ პროდუქტიულობაზე.
7. ზრდის შესაძლებლობა
ორგანიზაციასთან მიკუთვნებულობისა და ჩართულობის დონე ასახვას პოვებს თანამშრომლების სურვილში დიდი ხნით დაუკავშირონ საკუთარი საქმიანი ცხოვრება ამ ორგანიზაციას. ზრდის პერსპექტივა მოიცავს როგორც პროფესიულ, ასევე კარიერული ზრდის შესაძლებლობას ორგანიზაციაში. ტალანტების შენარჩუნების გზაზე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ შესთავაზოს თანამშრომლებს ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
მარტივი და ინფორმატიული ანგარიშგება
შემაჯამებელი ანგარიშები მარტივი წასაკითხია და მოიცავს ყველა იმ ინდიკატორს, რაც დაგეხმარებათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
მონაცემების დაგროვების შედეგად, შესაძლებელია საკუთარი გუნდის თუ ორგანიზაციის შედეგები გაზომოთ დროში და დაინახოთ სად იმყოფებით სხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში.